8/09/2018

კოპენჰაგენი, დანია (ნაწილი I)


დანია - თანამედროვე არქიტექტურის, LEGO-ს, სასახლეების და თავისუფალი ჰიპების ქვეყანა. კოპენჰაგენი ქართველ მოგზაურებს შორის საკმაოდ დაუფასებელი ქალაქია, ქართულ ენაზეც ცოტა ინფორმაცია მოიპოვება და არც ისე ბევრი ქართველი ოცნებობს იქ მოხვედრაზე, ჩემი აზრით კი ეს ქალაქი ბევრად მეტს იმსახურებს.

Tivoli Gardens
კოპენჰაგენში გვიან ღამით ჩავედი მატარებლით. 20 დეკემბერი იყო და სადგურიდან გამოსვლისთანავე საშობაოდ მორთული ატრაქციონების პარკი Tivoli დავინახე. პარკი რომ საინტერესო ადგილია ეს გიგანტურ თაღსაც ეტყობა რომელიც შესასვლელში დგას, თუმცა 17 ევრო არც ისე კარგი ფასია, მითუმეტეს როცა ეს მხოლოდ შესვლის საფასურია და იქ სხვა ნებისმიერი სერვისის მიღებაში დამატებითი თანხის გადახდაა საჭირო. (ზოგადად კოპენჰაგენში ყველაფერი ძალიან ძვირია და თუ ამ ქალაქით სიამოვნებას აპირებთ ფასებზე უბრალოდ არ უნდა იფიქროთ, ეს სიძვირი ცოტა რომ შემსუბუქდეს გირჩევთ სასტუმრო ამ ლინკით დაჯავშნოთ და გადახდილი თანხის 10% უკან დაგიბრუნდებათ.)  პარკში შეხვდებით სხვადასხვა ქვეყნისთვის სახასიათო არქიტექტურულ ფორმებს, რომლებიც ყველა სეზონზე შესაბამისადაა მორთული. შობის პერიოდში ყველაზე მეტად იაპონური კოშკი მომეწონა.
იაპონური კოშკი
ჩრდილოეთის ქვეყნებში ამინდი პრობლემური თემაა, მითუმეტეს ზამთარში. 7 დღე გავატარე დანიაში და მხოლოდ ერთხელ დავინახე მზე ისიც რამოდენიმე წუთით თუმცა იმდენად გავერთე კოპენჰაგენის სანახაობებით მზის ნაკლებობა არც კი გამახსენდებოდა ჩემი გადაღებული ყველა ფოტო ნაცრისფერი რომ არ იყოს.

Strøget
Strøget - ქალაქის მთავარი "შოპინგ ქუჩა" რომელიც მერიის შენობასთან იწყება, ძველ ქალაქს ჭრის და კოპენჰაგენის ძველ პორტთან მთავრდება. ეს ქუჩა ალბათ მთელ ქალაქში ერთადერთია სადაც ხალხმრავლობა იგრძნობა, ზოგადად კოპენჰაგენი ძალიან მყუდრო ქალაქია და აქ ხმაური არასდროს შეგაწუხებთ. მთავარი ქუჩის მიმდებარე შედარებით ვიწრო ჩიხები სავსეა მაღაზიებით ღია კაფეებით და ბარებით. ამავე ქუჩაზეა Nikolaj Kunsthal - ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. ყოფილი ეკლესია, რომელიც რამდენიმე წელია საგამოფენო სივრცედ გადაიქცა და გამოფენები ძირითადად პოლიტიკურ თემებს ეხმაურება. ოთხშაბათობით მუზეუმში შესვლა უფასოა, კვირის დანარჩენ დღეებში 10 ევრო. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ყოფილი ეკლესიის კოშკში ასვლა არ შეიძლებოდა, იმედია ახლო მომავალში გახსნიან ვიზიტორებისთვის.

Nyhavn
Nyhavn - მე17 საუკუნის პორტი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს ფერადი სახლებით, რომლებიც რატომღაც არცერთ ფოტოზე არ ჩანს ისეთი კარგი როგორიც რეალურადაა. კოპენჰაგენში თუ მოხვდებით ამ ადგილს გვერდს ვერ აუვლით, ყველა ტურისტულ რუკაზე განსაკუთრებულადაა მონიშნული და აუცილებლად უნდა ნახოთ. ძველი პორტის ტერიტორიაზე ბევრი სუვენირების მაღაზია და ღია ტიპის კაფეა, ცივი ამინდის და წვიმის მიუხედავად ღია კაფეები მაინც სავსე იყო და მთელი საღამო გავატარე სასიამოვნო დანიურ ატმოსფეროში.  Papirøen - საუკეთესო ადგილი მსოფლიო street food-ის დასაგემოვნებლად სამწუხაროდ დაიხურა და 2021 წლამდე არ გაიხსნება, დახურვის მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები გახდა. დარწმუნებული ვარ განახლებულიც ძალიან კარგი იქნება თუმცა ჩემთვის ამ ადგილის ხიბლი სიძველე და ინდუსტრიული გარემო იყო.

Christiania
Freetown Christiania - ქალაქი ქალაქში, ჰიპების დასახლება ქრისტიანია, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საინტერესოა. დანიელმა ჰიპებმა, ომი სამხედრო ბაზის ოკუპაციით გააპროტესტეს და 70-იანი წლებიდან დღემდე იქ ცხოვრობენ. "ქალაქს" სამი დამახასიათებელი ნიშანი აქვს: ნარკოტიკები, სტენსილები და ცისარტყელები. ქრისტიანია ალბათ დანიის ყველაზე ფერადი ტერიტორიაა, ზამთარშიც კი. ცისარტყელა ლგბტ მოძრაობის გარდა, ჰიპების სიმბოლოცაა - შესაბამისად ფერად დროშებს ქრისტიანიაშიც მრავლად შეხვდებით. მსუბუქი ნარკოტიკებით ვაჭრობა ამ ტერიტორიაზე ლეგალურია და დასახლების მთავარი შემოსავლის წყაროა. ქრისტიანიაში არის რამდენიმე კაფე და ხელნაკეთი ნივთების პატარა მაღაზია, ფასები მთელი ქვეყნის მსგავსად აქაც ძალიან მაღალია.

დანიის პარლამენტი
თუ ქალაქის ცენტრიდან ქრისტიანიაში ფეხით გადაწყვეტთ წასვლას გზად აუცილებლად შეგხვდებათ Christiansborg Palace, ძველი სასახლე რომელშიც დღეს დანიის პარლამენტია განთავსებული. ზაფხულში ირგვლივ ყველაფერი სიმწვანესა და ყვავილებშია ჩაფლული, ზამთარში კი ძალიან ერთფეროვანია, თუმცა მაინც ღირს ნახვა. მე როცა მივედი, იმ დღეს მთელ ქალაქში ნისლი იყო და ეს მუქი ფერის შენობა კიდევ უფრო მისტიურად გამოყურებოდა. ამ ადგილას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ისტორიული მნიშვლეობის შენობა იდგა. სასახლე იმ ფორმით რაც დღესაა 1907 წელს აშენდა. პარლამენტის კოშკი ყველაზე მაღალი წერტილია კოპენჰაგენში და ვიზიტორებისთვის იქ ასვლა უფასოა. ნისლიან ამინდში კოშკიდან არაფერი ჩანდა და შესაბამისად იქ ასვლაზე დრო აღარ დამიკარგავს.

Grundtvigs Kirke
Grundtvigs Kirke - ტურისტებს შორის არც ისე პოპულარული ლუთერანული ეკლესია, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე და არც ისე კარგი ლოკაციის მიუხედავად მაინც მოვახერხე მისვლა. ეკლესია ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ შორსაა. ექსპრესიონისტული არქიტექტურა მასიურად პოპულარული არასდროს ყოფილა, მითუმეტეს ტაძრების მშენებლობაში, შესაბამისად ამ სტილის სულ რამდენიმე ეკლესია არსებობს დედამიწაზე მათ შორის ყველაზე ცნობილი Hallgrímskirkja რეიკიავიკში, რომელიც ჯერ ვერ ვნახე სამაგიეროდ დანიაში მოვახერხე ამ საოცარი ტაძრის ნახვა. მისი მიმდებარე ტერიტორიაც კი იმდენად სიმეტრიულია ჩემნაირი ფოტოგრაფიის ნიჭის არმქონე ადამიანებიც მარტივად ახერხებენ ლამაზი ფოტოების გადაღებას. ეკლესიის ფასადის გარდა ინტერიერიც საინტერესოა მიუხედავად სიმარტივისა. შიგნით მთელი ტაძარი თეთრია და იქ არანაირი ორნამენტი ან გაფორმება არ დაგხვდებათ. თეთრი კედლები, სვეტები, თაღები და ღია ხისფერი სკამები მლოცველებისთვის, არის რაღაც არაამქვეყნიური ამ ადგილში.

სასახლეების ნაკლებობას მგონი არცერთი ევროპული ქვეყანა არ უჩივის, თუმცა დანიამ მაინც მოახერხა ჩემი გაოცება. Rosenborg Slot - 1606 წელს აშენებული შედარებით პატარა ზომის თუმცა მაინც შთამბეჭდავი სასახლეა, თუ მოახერხებთ და რამდენიმე წუთით დაივიწყებთ ირგვლივ მიმოფანტულ თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს და მხოლოდ ამ სასახლეს შეხედავთ, თავი ზღაპარში გეგონებათ. სასახლე ღიაა ვიზიტორებისთვის და საფასური 15 ევროა. ინტერიერის გარდა, დანიის სამეფო ოჯახის სამკაულების და სხვა ძვირფასეულობის ნახვაც შეიძლება. შენობას ირგვლივ აქვს ბაღი, რომელიც ზაფხულში სავარაუდოდ იდეალური ადგილია დროის გასატარებლად, ზამთრის ცივ დღეს კი პარკში გაჩერების სურვილი მე არ მქონია.
Rosenborg Slot
კოპენჰაგენში სანახავი კიდევ ბევრია, ამიტომ გადავწყვიტე ეს ბლოგპოსტი ორ ნაწილად გავყო. მეორე ნაწილში მოგიყვებით იმ სანახაობებზე რომლებიც აქ არც კი მიხსენებია და რომლებიც ჩემი აზრით ბევრად უფრო საინტერესოა.
გაგრძელება იქნება...

11/24/2016

დანტე და ბეატრიჩე

დანტე ალიგიერი - იტალიელი მწერალია. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ნავარაუდებია 1265 წელი. დანტეს „კომედია“ მოიაზრება იტალიურ ენაზე შექმნილ საუკეთესო ლიტერატურულ ნაშრომად და მსოფლიო ლიტერატურის შედევრად. ალბათ ამიტომაც იცვალა სახელი დროთა განმავლობაში და იქცა "ღვთაებრივი კომედიად". უზენაეს პოეტს(Sommo Poeta) ანუ დანტეს, ეკუთვნის „ახალი ცხოვრებაც“ რომელიც ჩემი აზრით, მომავალში შექმნილი მსოფლიო ლიტერატურის შედევრის, ერთგვარი წინაპირობაა.

„ახალ ცხოვრებაში“ აღწერილია დანტე ალიგიერის ცხოვრება ბეატრიჩეს პირველი ნახვიდან, მის გარდაცვალებამდე, ნაწარმოების სათაურიც ბეატრიჩეს უკავშირდება, დანტეს ახალი ცხოვრება დაიწყო მაშინ, როცა მან პირველად იხილა ბეატრიჩე. მიუხედავად იმისა რომ ბეატრიჩე თავისუფლად შეიძლება მოვიაზროთ ნაწარმოების მთავარ გმირად, იგი არც თუ ისე ხშირად ჩანს ნაწარმოებში როგორც მოქმედი პირი. „ახალი ცხოვრების“ მთავარი ნაწილი დანტეს დამოკიდებულებას ეთმობა ბეატრიჩეს მიმართ, სწორაედ ამ ნაწილებიდან არის მარტივი მისახვედრი იმ დროინდელი კულტურა, სხვადასხვა ტრადიციები, რიტუალები და ა.შ

შუა საუკუნეების დასაწყისისთვის ევროპაში ძალიან პოპულარული და გავრცელებული იყო ე.წ სარაინდო სიყვარული, რომელიც თავის მხრივ არ მოიაზრებდა არაფერ ხორციელს და ეს მხოლოდ მალულ გრძნობას მოიცავდა. სწორად ეს ყოველივე აკავშრებდა დანტეს ბეატრიჩესთან და სწორედ ამ ერთმა, თანამედროვეობის გადასახედიდან რიგითმაა სიყვარულმა განსაზღვრა იტალიელი მწერლის სრული შემოქმედება და ცხოვრებაც კი.

ბეატრიჩე პირველად ნაწარმოების დასაწყისშივე მეორე თავში ჩნდება, აქ ზუსტად ის მომენტია აღწერილი როცა ბეატრიჩე დანტეს ცხოვრებაშიც, ნაწარმოების მსგავსად, პირველად ჩნდება:

"ჩემს მზერად პირველად მოევლინა ჩემი სული დიდებამოსლილი, ქალბატონი, ბეატრიჩედ წოდებული, მრავალთა მიერი."

ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტია ნაწარმოების მთავარი მომენტი და  დანტეს, როგორც რიგითი ადამიანის ცხოვრების, განსხვავებული - ახალი ეტაპის დასაწყისი.

"სიყვარული ისე დაეუფლა ჩემს სულს, რომელიც მყისვე დაეწინდა მას, და ისე დამიმონა იმ ძალის წყალობით, რომლითაც ჩემმა წარმოსახვამ შემოსა იგი, რომ სრულიად შემიმუსრა ნება და მაიძულა, უყოყმანოდ დავყოლოდი მის ნება-სურვილს"

ამ დღის შემდეგ, დანტეს ბეატრიჩე საკმაოდ დიდი ხანი აღარ უნახავს, ზოგადად რომ დავაკვირდეთ ნაწარმოები დაყოფილია ბეატრიჩეს ერთი ნახვიდან, ბეატრიჩეს მეორე ნახვამდე მონაკვეთებად. მართალია ხშირად არის აღწერილი დანტეს ცხოვრება ბეატრიჩეს გარეშეც თუმცა მთავარი და დამაგვირგვინებელი ყოველთვის ყველაფრისთვის ბეატრიჩეს გამოჩენაა.

მეორე შეხვედრა უკვე მოწიფულ ასაკში, რამდენიმე წლის შემდეგ ხდება ამჯერად ბეატრიჩე ესალმება დანტეს.
"გზად მიმავალმა იმ მხარისკენ მომართა თვალნი, სადაც მე ვიდექი შეძრწუნებული, და თავისი ენითუთქმელი თავაზიანობით ისე მომესალმა, რომ მომეჩვენა თითქოს ვჭვრეტდი ყველა საზღვარს სიამოვნებისას... მისი სიტყვები, მაშინ პირველად ეალბუნნენ სასმენელს ჩემსას"

როგორც ნაწარმოების ზემოთხსენებული მონაკვეთიდან ირკვევა ამ დროს დანტემ პირველად გაიგონა ბეატრიჩეს ხმა, ეს მომენტიც ერთგვარი გარდატეხაა, ამის შემდეგ ყოველთვის, როცა დანტეს ბეატრიჩეს ხმა ესმის იგი უბედნიერესი ხდება და ნებით თუ უნებლიეთ ივიწყებს ყოველივე ბოროტის არსებობას.

ბეატრიჩესა და დანტეს გადაკვეთის ერთადერთი წერტილი სალამი იყო, პრაქტიკულად მათ მისალმებაზე უფრო ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ, შეიძლება სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო აღიქვამდა დანტე ასე მძაფრად ერთ უბრალო მისალმებას და ეს მისთვის უფრო მნიშნველოვანი იყო ვიდრე ფიზიკური კავშირი. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ის რაინდული სიყვარული, რომელიც ჩემთვის, როგორც თანამედროვე ადამიანისთვის წარმოუდგენელია, მაინც არსებობს ან არსებობდა და უბრალო მისალმება იწვევდა ადამიანთა "გაკეთილშობილებას".

ალბათ გასაკვირი არავისთვის იქნება, რომ ნაწარმოები ლოგიკურ დასასრულამდე ბეატრიჩეს გარდაცვალებით მიდის. უგონოდ შეყვარებული დანტესთვის კი ფლორენცია გლახაკს ემსგავსება.

"მას შემდეგ რაც, ეგ უკეთილშობილესი სული ასე მოულოდნელად გაეყარა თავის მშვენიერ სხეულს, ქალაქი ქვრივს დაემსგავს და ოხერს, ყოველგნით ხელაღუპყრობელსა და ყოველი ღირსებისგან განძარცვულს"

მართალია ბეატრიჩეს გარდაცვალების შემდეგ დანტე კიდევ იყო შეყვარებული, რაც აღწერილიც კი არის „ახალ ცხოვრებაში“ თუმცა ბეატრიჩე მაინც დარჩა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. საბოლოოდ ნაწარმოები ერთგვარი ანონსით სრულდება, ანონსით რომლითაც დანტეს ბეატრიჩესთვის უკვდავიების მინიჭება აქვს განზრახული, არავინ იცის დანტეს ჩანაფიქრი ამ დროისთვის იყო თუ არა „ღვთაებრივი კომედია“ თუმცა ეს ალბათ არც ისე მნიშვნელოვანია, მთავარია რომ დანტემ პირობა შეასრულა და ბეატრიჩეს უკვდავება მიანიჭა.

1/30/2016

რელიგია პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში

რელიგიური ნაციონალიზმი თავისუფლად შეიძლება შევაფასოდ, როგორც თანამედროვეობისთვის სახასიათო მოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალიზმი ჩემი აზრით სეკულარული მოვლენაა და გარკვეულწილად რელიგიას უპირისპირდება კიდეც, თანამედროვე ადამიანებს ფაქტია არ უჭირთ ამ ორი იდენტობით ერთდროულად ცხოვრება. რელიგიური ნაციონალიზმის ნათელ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ირანი სადაც ნაციონალიზმის მთავარი წამახალისებელი ისლამის შიიტური მიმართულებაა. ირანის გარდა საინტერესო მაგალითებია ალჟირი ან თუნდაც ტუნისი სადაც ისლამისტური პარტიები ნაციონალისტური რიტორიკით მთავარი ოპოზიციური ძალებია.

ზემოთხსენებული შესავალიდან ისე გამომივიდა, თითქოს რელიგიის როლი პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში მხოლოდ ისლამურ სამყაროშია წამოწეული წინა პლანზე, რაც სამწუხაროდ სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა რომ თანამედროვეობაში ვერ ვიპოვით ქრისტიანულ თეოკრატიას, თუ არ ჩავთვლით ვატიკანს და ამის საპირისპიროთ არაერთი ისლამური თეოკრატიის ნიმუში გვაქვს, ეს ფაქტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანულ სამყაროში სეკულარიზმი საფრთხეში არ არის.

ქრისტიანობის სახელმწიფოზე გავლენასთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო და ჩემი აზრით რეალურიც ჟან ჟაკ რუსოს მოსაზრებაა. „სამოქალაქო რელიგიაში“ ყველაზე კარგად იკვეთება ორი საკითხი, ჭეშმარიტი ქრისტიანი შეუძლებელია იყოს კარგი მმართველი ქვეყნისთვის და ნაციონალიზმს რელიგიასთან კავშირი არ აქვს. ამ ორ დასკვნას რუსო და მეც ვაკეთებთ ძალიან მარტივი ქრისტიანული ღირებულებეიდან გამომდინარე. ქრისტიანობა ხომ სულის რელიგიაა და იგი არაფერ ამქვეყნიურზე ორიენტირებული არ არის. ჭეშმარიტი ქრისტიანის სამშობლო არ არის არც რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, იქნება ეს პირობითად საქართველო ან საფრანგეთი და არც მთელი დედამიწა. არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება დედამიწაზე, ზოგადი საქმეები კარგად მიდის თუ ცუდად, ნამდვილი ქრისტიანი მხოლოდ იმაზე უნდ ფიქრობდეს რომ თვითონ არაფერი დააშავოს, რათა შეძლოს დამკვიდრება სამუდამო სამყოფელში, დედამიწის დროებითი სამყოფელი კი წარმავალი და ხანმოკლეა.

 საქართველოში მოსახლეობის 83.8% ეთნიკური ქართველია, 84% კი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მართლმადიდებელ ქრისტიანად ახდენს. მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს კონკრეტული კვლევა, პირადი დაკვირვებისა და გამოცდილების საფუძველზე თამამად ვამბობ, რომ ეთნიკური ქართველების აბსოლიტური უმრავლესობა „ქართველობის“ მთავარ მახასიათებლად სწორედ რელიგიურ კუთვნილებას მიიჩნევს. არამეინსტიმული რელიგიის ადამიანი კი ქართველად არ განიხილება. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ფაქტია რომ იმ გარემოში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ქართველი იგივეა რაც მართლმადიდებელი.

საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის რეგიონში სადაც რელიგიის როლი საერო ცხოვრებაში ყოველდღიურად ძლიერდება, ბოლო წლებია იგივე ტენდენცია შეინიშნება ჩვენ მეზობელ თურქეთშიც, რომელსაც სეკულარიზმში ცხოვრების უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მიუხედავად იმისა რომ ისლამური თეოკრატია უფრო რეალურია ვიდრე ქრისტიანული მაინც ვთვლი, რომ სამომავლოდ საქართველოსთვის უფრო საფრთხის შემცველია ძლიერი რელიგიური როლი პოლიტიკაში ვიდრე თურქეთისთვის. ამას თავისი რამდენიმე ახსნა აქვს, პირველი ეს არის რელიგიის გაძლიერების მიზეზები: თურქეთში რელიგიის გავლენამ პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე იმატა მას შემდეგ, რაც სათავეში მოვიდა არაგაცხადებულად თუმცა რეალურად მაინც ისლამისტური პარტია, რომლის რეიტინგიც უკანასკნელი არჩევნების მიხედვით, საგრძნობლად შემცირდა. ასეთი მთავრობისმიერ ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში კი დიდი ეჭვი მაქვს რელიგიის გავლენაც ეტაპობრივად გაქრება საჯარო სივრციდან. საქართველოს შემთხვევა ბევრად უფრო უცნაურია. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეიძლება ბევრი რამ დავაბრალოთ თუმცა ის, რომ მათი ღირებულებები AKP-ს(სამართლიანობისა და განვითარების პარტია თურქეთში) მსგავსად ემსახურებოდა რელიგიის გააქტიურებას პოლიტიკურ ცხოვრებაში, უბრალოდ აბსურდია. რამ გამოიწვია ხალხის ასეთი მოულოდნელი ცვლილება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ჩემთვის დაუდგენელია და ლოგიკური ახსნის მოძებნა მიჭირს, სწორედ ამიტომაც მეჩვენება ეს ყველაფერი სერიოზულ საფრთხედ რადგან არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და ჯერ-ჯერობით ეკლესიის რეიტინგის ოდნავი კლებაც კი არ შეინიშნება. მეორე და ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე რაც ავტომატურად მოჰყვება ძლიერ მართლმადიდებულ ეკლესიას საქართველოში, არის რუსეთი. არაერთხელ მომისმენია დავა იმაზე არის თუ არა რუსეთი ერთმორწმუნე, სიმართლე რომ ვთქვა ამ დავის მიზანს ვერასდროს ვერ ვხვდები, რადგან მტრის რელიგიას არანაირი მნიშნველობა არ აქვს მაშინ როდესაც საუბარია ქვეყნის სუვერენიტეტზე. ერთადერთი ფაქტორი რის გამოც მიწევს ყურადღების გამახვილება რუსეთის დომინანტ რელიგიურ ჯგუფზე ეს თავად რუსეთი და იქაური მაღალჩინოსნების რიტორიკაა. რამდენიმე თვის წინ, ჩემთვის უცნობი რუსი პოლიტიკოსის ზედმეტად ამბიციური იდეაც კი ვნახე გაერთიანებული მართლმადიდებლური რესპუბლიკის შექმნასთან დაკავშრებით. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი იდეები ჩემთვის უბრალოდ ღიმილისმომგვრელია და სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ვფირობ რომ საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის ეს იდეა საკმაოდ მომხიბვლელი იქნება. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა, რომ გაძლიერებული რელიგიური როლი პოლიტიკურ თუ საჯარო ცხოვრებაში უბრალოდ დემოკრატიის პრინციპებს კი არ უპირისპირდება და აფერხებს მას, მარტივად რომ ვთქვა უკვე ქვეყნის დამოუკიდებლობასაც კი უქმნის საფრთხეს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საქართველო და 70-იანი წლების ირანი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან მაინც მინდა რამდენიმე დეტალის გახსენება ირანის თეოკრატიული რევოლუციიდან. მაშინ როდესაც შაჰის საწინააღმდეგო მოძრაობა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა, შაჰის დაქვემდებარებულმა ძალებმა რამდენიმე ათასი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს და სწორედ ამან განაპირობა მთელი პროგრესული სამყაროს სიმპათიების რევოლუციონერთა მხარეს გადასვლა, იმ ფაქტზე კი ყურადღება არავის გაუმახვილებია, რომ მთავარი რევოლუციონერი შიიტურ ისლამისტური მოძრაობის ლიდერი აიათოლა ჰომეინი იყო. ასევე გავიხსენებდი ფრანგ ფილოსოფოს მიშელ ფუკოს, რომელიც ირანის რევოლუციას იმედის თვალით უყურებდა. ის თვლიდა, რომ იმ კრახს რომელიც სეკულარიზმმა განიცადა, ირანის მაგალითით ნელ-ნელა ყველგან სულიერ საწყისებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჩაანაცვლებდა. ფუკოს სჯეროდა, რომ სულიერ საწყისებზე დამყარებულ პოლიტიკას ამ შემთხევაში კი ირანის ისლამურ რესპუბლიკას შეეძლო ახალი ტიპის დემოკრატიის დამყარება, რომელიც აჯობებდა წინამორბედებს.


მე არ ვიცი რას იფიქრებდა 80-იან წლებში სეკულარიზმთან დაპირისპირებული, მიშელ ფუკო დღევანდელ საქართველოზე ან თუნდა ირანში თეოკრატიული რევოლუციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. თუმცა ერთი რამ კი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, პირადად ჩემთვის არ არსებობს არავითარი „სულიერ საწყისებზე“ დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად. საერო და სასულიერო ძალაუფლების გამიჯვნა სულაც არ ნიშნავს რომელიმე მათდგანის დაკნინებას, საზოგადოება კი ეკლესიის შეზღუდვის საჭიროებას, მხოლოდ ნამდვილი დემოკრატიის დროს გრძნობს. შესაბამისად სადაც არის აბსოლიტური სეკულარიზმი, იქ ვითარდება დემოკრატიაც და ეს ორი ცნება ჩემთვის ერთმანეთისგან განუყოფელია. 

8/13/2015

განსვენებული მატია პასკალი

ლუიჯი პირანდელოს ერთ–ერთი რომანია: „განსვენებული მატია პასკალი.“ რომანს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ილუზიასთან ჭიდილი. იგი თავიდან ბოლომდე არის რეალური და გამოგონილი ცხოვრების დაპირისპირება. ტექსტი მარტივი ენით არის დაწერილი და საკმაოდ სწრაფად იკითხება, თუმცა არ ვიცი რამენად უნდა მივაწეროთ ეს ავტორს, შეიძლება უბრალოდ კარგი თარგმანის დამსახურებაა.

ტექსტი, არ არის მხოლოდ ზემოთხსენებული რეალური და ირეალური სამყაროს დაპირისპირება. მთელი ნაწარმოების მსვლელობისას აღწერილია მატია პასკალის ცხოვრება, რომელიც ერთდროულად არის ტრაგიკულიც და კომიკურიც. ტრაგიზმი და კომიზმი მის ცხოვრებაში ხან ერთმანეთს ენაცვლება, ხანაც ერთდროულად იჩენენ თავს.

პირველად, ტრაგიზმისა და კომიზმის ერთდროული გამოჩენა ნაწარმოების მეხუთე თავის კითხვის დრო დავაფიქსირე.
„პრესკატორეს ქვრივი ბრდღვინავდა, ცოფებს ყრიდა, თან სახიდან თუ გაწეწილი თმიდან ცომს იცლიდა და მე მესროდა, მე კი ვხარხარებდი, ისე ვხარხარებდი რომ ფეხზე ძლივს ვიდექი“   ამბობს მატია პასკალი.
ერთი შეხედვით შეიძლება მართლაც სასაცილო იყოს ადამიანის ყურება, რომელსაც სახეზე ცომი აქვს, თუმცა თუ ამ კონკრეტულ შემთხვევას თუ განვიხილავთ მატიას სიდედრი უკვე მის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადის და ამცირებს მას. ლოგიკურად ეს უკვე მატიასთვის სასაცილო აღარ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იგი მაინც აგრძელებს სიცილს და ბოლოს თვითონვე დასძენს:

„შეიძლება ითქვას, რომ ამ დღიდან დავიწყე სიცილი ჩემს უიღბლობასა და მწუხარებაზე. ჩემ თავს ისე ვუყურებდი, როგორც სახუმარო ტრაგედიის მსახიობს, თუ შეიძლება ასეთი ტრაგედია წარმოიდგინოთ“


არც ისე მარტივია ზოგადად წარმოიდგინო ტრაგედია, რომელიც სასაცილოა. რეალურ ცხოვრებაში მსგავსი ფაქტების არსებობის დაჯერებაც კი მიჭირს, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტზე საქართველოში გავრცელებული ერთი სიტყვათშეთანხმება გამახსენდა: „სიმწრის სიცილი“ რომელიც ზუსტად აღწერს მატიას იმ დროინდელ მდგომარეობას...
ნაწარმოების დაწყებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მატია მამა ხდება, თუმცა მისი სიხარული არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდება რადგან მალევე დედა გარდაეცვლება.  ამ დროს მატია სწუხს და ამბობს:
 „არც კი ვიცი  როგორ გადავანაწილო მათ შორის ჩემი სადარდებელი და საზრუნავი“
მისი სადარდებელი ბუნებრივია დედაა რომელიც ახალი გარდაცვლილია, საზრუნავი კი ჩემი აზრით ცოტა არასწორი სიტყვაა, რომელიც მატიას ახალდაბადებულ შვილს ეხება. მატიას ბუნებრივია უნდა ეზრუნა საკუთარ შვილზე თუმცა ამ ფუნქციის შეთავსება სხვასაც შეეძლო, დროებით. იმ სიხარულს კი რასაც მამა უნდა განიცდიდეს ახალშობილ შვილთან ურთიერთობისას მატიას მაგივრად ვერავინ განიცდიდა. ამ ფაქტზე შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ბედის ირონიაა, ტრაგიზმისა და კომიზმის მორიგი ერთდროული გამოჩენა მის ცხოვრებაში. არ ვიცი სიხარული რამდენად არის კომიზმი თუმცა ფაქტი ერთია არც ის არის პირდაპირ თანხვედრაში ტრაგიზმთან, მეტიც, უპირისპირდება მას, ისევე როგორც კომიზმი.

მატია პასკალის „პირველი გარდაცვალება“  შეიძლება ჩაითვალოს ნაწარმოების ერთ–ერთ კულმინაციად. ჩემი აზრით ნაწარმოების ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთია მატიას ფიქრები ფულის მოგების შემდეგ. თავიდან ის უკმაყოფილოა და აპირებს ქალაქში დაბრუნებას რათა ყველას შეატყობინოს იმ ამბის სიცრუე რაც გაზეთში ამოიკითხა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეული დროის ფიქრის შემდეგ, აანალიზებს „გარდაცვალების“ დადებითმ მხარეებს და მას უდიდესი ბედნიერება იპყრობს, იწყებს თავისულებით ტკობობას. 

„პირზე ღიმილი არ მშორდებოდა, ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს ვუღიმოდი.“
„გარდაცვლებისას“ თუ ის იმიტომ უღიმოდა ყველაფერს და იმ მიზეზით იყო ბედნიერი, რომ ძველ ცხოვრებს ჩამოშორდა და ახლის დაწყების შანსი მიეცა, ამისგან რადიკალურად განსხვავებულია მატიას მდგომარეობა ნაწარმოების დასასრულთან ახლოს:
„მე ვარ მატია პასკალი. მე ვარ! მე არ მოვმკვდარვარ! მე აქ ვრ!“
მაშინ როდესაც მატია ძველ ცხოვრებას უბრუნდება და შინისაკნე მიმავალ მატარებელში ჯდება, სურვილი უჩნდება, ზემოთხსენებული ფრაზა ყველას გასაგონად იყვიროს და ყველას გააგებინოს რომ არ მომკვდარა, თუმცა მანამდე პირიქით საკუთარი „სიკვდილი“ ახარებდა.


ტრაგიზმისა და კომიზმის თამაშის რამდენიმე ფაქტი ნაწარმოებიდან უკვე აღვწერე, კიდევ ბევრიც ასაღწერი დამრჩა თუმცა მინდა ხასი გავუსვა ერთ ჩემთვის ყველაზე დამაფიქრებელ მომენტს, ჩემი აზრით სწორედ ამ დროს იკვეთება დასკვნითი უცნაურობა ზოგადად მატია პასკალის ცხოვრებაში ორი რადიკალურად განსხვავებული ფენომენის თამაშისა...

მეჩვიდმეტე თავში, ძმასთან მყოფი მატია პასკალი მისი ცოლის გათხოვების ამბავს იგებს. არ ვიცი რატომ მაგრამ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ფაქტთან დაკავშრებით მატიას რეაქცია უარყოფითი უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, მატია უდიდესმა სიხარულმა შეიპყრო იმდენად დიდმა სიხარულმა რომ მან საკუთარი ემოციების მოთკვაც კი ვერ შეძლო და როგორც ტექსტი გვეუბნება საკუთარ ძმას სიახრულის ნიადაგზე რამდენიმუე წუთი „ანჯღრევდა.“


მსმენია გამოთქმა დიდ სიხარულს დიდი მწუხარება მოსდევსო, მართალია რეალურ ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევების მე არ მჯერა თუმცა ლუიჯი პირანდელომ ეს ფენომენი თავისი რომანის განუყოფელ ნაწილად აქცია. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება და მატიას დიდ სიხარულს დიდი მწუხარება ცვლის როცა ის იგებს, რომ მისი გამოჩენის შემთხვევაში კვლავ შეუღლებულად ჩაითვლება მის უკვე ყოფილ ცოლთან...
ნაწარმოების დასასრული ჩემი აზრით ტიპური „ბედის ირონიაა“ მატია პასკალი, – ცოცხალი ადამიანი მიდის საკუთარ საფლავზე, ალაგებს ყვავილებს და თუ ვინმე შეეკითხება ვინ არის ის გარდაცვლილის პასუხობს, რომ თავადაა.

ნაწარმოებს  თან ბოლოსიტყვაობა ახლავს, რომელიც პირანდელოს რომანის 1928 წლის გამოცემას ახლდა და მას შემდეგ ყველა გამოცემას ერთვის. მართალია ამ ბოლოსიტყვაობაში კონკრეტული ადამიანის ცხოვრება არაა აღწერილი ისე დეტალურად როგორიც მატიასი რომანში, ამიტომ შეუძებელია დაზუსტებით ვილააპარაკოთ მათ მსგავსებაზე, თუმცა ფაქტი ერთია: ერთს მხრივ ეს ბოლოსიტყვაობა აბთილებს პირანდელოს კრიტიკოსთა იმ ნაწილს, რომლებიც ამბის ზედმეტად არარეაულობას უსვამენ ხაზს, მეორეს მხრივ კი მიბათილებს ჩემ ფრაზას ამ ესეს დასაწყისში,  თურმე არც ისე რთულია წარმოიდგინო სახმურო ტრაგედია, მაშინ როცა ტრაგიზმი და კომიზმი ასე  გადაჯაჭვულია ერთმანეთზე...

1/22/2015

პლატონის "მატრიცა"


„მატრიცა“ – 4 ოსკარის მფლობელი, და-ძმა ვაჩოვკსების 1999-2003 წლებში გადაღებული ტრილოგია. ფილმში მოთხრობილია ახლო მომავალზე, სადაც ადამიანთა ნაწილი იგებს რომ რეალობა სინამდვილეში გარკვეული ჯგუფის მიერ მართული ილუზიაა და იწყებს ბრძოლას ამ ილუზიის დასანგრევად. მთავარ როლში კიანუ რივზი, პერსონაჟით ნეო.
„სახელმწიფო“ - ჩვენს წელთაღიცხვამდე 380 წელს, პლატონის მიერ დაწერილი ნაწარმოები. წიგნში მთავარი თემა არის სამართლიანობა. მთავარი მოქმედი გმირი სოკრატე, თავისსავე როლში.

რა კავშირია ამ ორ შედევრს შორის? ერთი შეხედვით არანაირი.

მიუხედავად იმისა რომ კინოინდუსტრია იპყრობს თანამედროვე მსოფლიოს, მე ფილმების მოყვარული არ ვარ და ძალიან ცოტა ფილმი მაქვს ნანახი. მატრიცაც პირველად დაახლოებით ერთი თვის წინ ვნახე და რომ არა ერთი საკვანძო ეპიზოდი ალბათ ფილმის ყურებას ან შევწყვეტდი ან უბრალოდ არც დამამახსოვრდებოდა მისი შინაარსი.

„მორფეუსი: - შენ იმ ადამიანს ჰგავხარ რომელსაც არაფერი უკვირს, რადგან თავი სიზმარში ჰგონია.
ნეო:  - ასეა...
- ირონიულია, მაგრამ შენი ეს დამოკიდებულება რეალობისგან შორს არ არის. შენ ეჭვი გაგიჩნდა, გარკვევით არაფერი იცი და დარწმუნებული არაფერში ხარ თუმცა გგონია რომ ამ ქვეყანაზე რაღაც ისე არ არის როგორც ყველამ იცის. ხვდები რაზე გესაუბრები?
- მატრიცაზე?
- გინდა გაიგო რა არის ეს? მატრიცა ყველგანაა, ჩვენ მასში ვცხოვრობთ. აქაც ამ ოთახში, ფანჯირდან რომ იხედები მაშინაც ხედავ ან ტელევიზორს რომ უყურებ, ეკლესიაში დადიხარ, მუშაობ, თუნდაც მაშინ როცა გადასახადებს იხდი. მატრიცა თვალებზე გადაკრული ბინდია, სიმართლე რომ არ დაინახო და ხედავდე იმას რაც სხვებს სჭირდებათ...
- რა სიმართლე?
- ის სიმართლე რომ მონა ხარ! და ყველა ადამიანის მსგავსად შენც ბორკილებდადებული დაიბადე, უხილავ ციხეში ანუ გონების საპყრობილეში, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ცნობილი არანაირი მახასიათებელი არ აქვს. რთულია სიტყვებით აგიხსნა მატრიცას არსი, ამას მხოლოდ მაშინ გაიგებ როდესაც თავად ნახავ, თუმცა დაიმახსოვრე, თუ ის ერთხელ უკვე ნახე მერე უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. მთელი შენი ცხოვრება რაღაც დაუსრულებელ მისიას ემსახურება, რომლის საბოლოო მიზანიც კაცობრიობის გადარჩენაა თუმცა არა აპოკალიფსის ან რაიმე მსგავსი მოვლენისგან, შენ ადამიანების რეალურ სამყაროში დაბრუნებას შეეცდები იმ სამყაროდან რომელზეც მათ უთხრეს რომ რეალურია. რეალურად ჰომო საპიენსი კი არ იბადება, არამედ მას მცენარესავით ზრდიან, ისეთად როგორიც უნდათ რომ იყოს.“

ამ დიალოგის შემდეგ ბუნერივია გამიჩნდა ეჭვი და ეს ფილმი პლატონის სახელმწიფოს, კერძოდ კი მეშვიდე თავს - „გამოქვაბულის ეპიზოდს“ დავუკავშირე. იმის დასამტკიცებლად რომ „მატრიცა“, „სახელმწიფოს“ ალეგორიაა ვცადე მეპოვნა რაიმე ხელჩასაჭიდი. არაერთი ბლოგი, სტატია, ნიუსი და გადაცემა ვნახე ამ თემაზე თუმცა ვერსად ვიპოვე ფილმის ავტორების ოფიციალური განცხადება სადაც პლატონთან კავშირი იქნებოდა აღიარებული. თუმცა ალბათ არანაირი აღიარება საჭირო არ არის როდესაც ყველაფერი ასე ნათელია და მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს „სახელმწიფოზე, როგორც ვაჩოვსკების ინსპირაციის წყაროზე. მართალია ცოტათი არ მესიამოვნა მე რომ არ აღმოვჩნდი ის პირველი ადამიანი რომელმაც ეს კავშირი დაინახა თუმცა ეს ახლა მნიშვნელოვანი არ არის. ამ ეტაპზე მინდა გამოქვაბულში მყოფ ყველა ცოცხალ არსებას შესაბამისი პერსონაჟი მოვუძებნო ფილმში და დავაზუსტო ფილმის რომელ განზომილებას რას შესატყვისი აქვს წიგნში.

გამოქვაბულის პირველი და მეორე „სართული“  ერთად, მთლიანობაში ის რეალური სამყაროა რომელიც მორფიუსმა ნეოს აჩვენა. თუმცა თავის მხრივ ესეც იყოფა, პირველი სართული არის ადგილი სადაც „ჰომო საპიენსს  მცენარესავით ზრდიან“. „მცენარესავით ზრდად ჰომოსაპიენსებში“ რა თქმა უნდა იგულისხმება სრულიად კაცობრიობა. მეორე სართულზე არიან ისინი ვინც მათ ზრდის და ვისთანაც შემდგომში ნეოს უწევს შერკინება.

რასაც ფილმში მატრიცას უწოდებენ, ანუ წარმოსახვითი სამყარო რომელიც ყველას რეალური ჰგონია არის ის ანარეკლი კედელზე, გამოქვაბულში, რომელსაც ყველა ხედავს და ყველანაირი ეჭვის გარეში იღებს მას როგორც ჭეშმარიტებას.

მორფეუსი არის ადამიანი რომელმაც ოდესღაც მოახერხა და მოისხნა ბორკილები, მიმოიხედა ირგვლივ და შეძლო „მეორე სართულზე“ ასვლა. ამის შემდეგ გაუჩნდა სურვილი გამოეღვიძებინა ყველა ადამიანი, თუმცა გამომდინარე იქედან რომ ყველას გამოღვიძება შეუძლებელი იქნებოდა და თანაც წინასწარ ვერ განსაზღვრავდა მათ რეაქციას რეალობის ნახვის შემდეგ, გადაწყვიტა აერჩია რამდენიმე რჩეული რომელიც დაეხმარებოდა მათ მეორე სართულზე მყოფი „ბოროტების“ დამარცხებაში და ამ გზით მოახერხებდა იგი კაცობრიობის შველას როდესაც თვითონ გახდებოდა მეორე სართულის მკვიდრი.

ტრინიტი, მორფეუსის რიგითი, არაფრით გამორჩეული „რჩეულია“ რომელმაც ნეო აღმოაჩინა და მორფეუსამდე მიიყვანა.
ნეო ფილმში მთავარი და ჩემი ფავორიტი პერსონაჟია, იგი არის ადამიანი რომელმაც უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო, დადებული ბორკილების მიუხედავად ირგვლივ მიმოიხედა და დაეჭვდა რომ „ამ ქვეყანაზე რაღაც ისე არ არის როგორც ყველას ჰგონია.“ მან დამოუკიდებლად ვერც იმის გარკვევა შეძლო რა ხდებოდა და ბუნებრივია ვერც ბორკილები მოიხსნა, თუმცა რახან ეჭვი გაუჩნდა ეს მორფეუსისთვის უკვე ნიშანი იყო და ნეოც მისი რჩეული გახდა. სწორედ მორფეუსის დახმარებით მოახერხა მან საბოლოო ჯამში ბორკილების მოხსნაც და „მეორე სართულზე“ ასვლაც...

რა თქმა უნდა, ფილმი კომერციული ინტერესის გამო ხელოვნურად გახანგრძლივებულია, ბევრი რამ შეცვლილია ან საერთოდაც გამქრალია თუმცა ეს მაინც არ არღვევს საერთო კავშირს პლატონთან. დარწმუნებული ვერაფერში ვიქნები თუმცა, ის იდეა რომ პლატონი „გამოქვაბულის ეპიზოდში“ ამხელა მასშტაბებზე და ზოგადად კაცობრიობის მართვაზე აკეთებდა აქცენტს რეალურად არ მეჩვენება. მე, მეორე სართულზე უფრო მშობლებს, პოლიტიკოსებს ან თუნდაც ცნობილ ადამინებს მოვიაზრებ, რომლებიც რაღაცას ქმნიან, რითაც სხვაზე შეიძლება ზეგავლენის მოხდენა. თუმცა მიუხედავად ამხელა უტრირებისა, მატრიცა მაინც გახდა ჩემი ფავორიტი ფილმი და ვთვლი რომ „გამოქვაბულის ეპიზოდის“ არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან კარგი ეკრანიზაციაა

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons